„აქტიური მოქალაქეები - ძლიერი მუნიციპალიტეტი,სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში“
29 ნოემბერი 2019
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა მონაწილეობა მიიღო „სოლიდარობის ფონდი PL საქართველო“-ს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში - „აქტიური მოქალაქეები - ძლიერი მუნიციპალიტეტი, სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში“.
კონფერენციაზე მინისტრის მოადგილემ, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან და პოლონეთის სოლიდარობის ფონდის პრეზიდენტთან ერთად დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
სამოქალაქო ბიუჯეტი (PB) წარმოადგენს პირდაპირი დემოკრატიის ერთ – ერთ ყველაზე მოწინავე მექანიზმს, რაც გულისხმობს საზოგადოების მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის მიმართულებით.
2015 წლიდან, სოლიდარობის ფონდმა, დაიწყო სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესების განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში, ეს პრაქტიკა სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს და მოიცავს ახალ მუნიციპალიტეტებს. კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენს 2019 წლის სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესების პრეზენტაცია, დისკუსიის გამართვა სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესების, მეთოდოლოგიისა და განვითარების, ადგილობრივი სამოქალაქო ჩართულობის ახალი მექანიზმების შესახებ.
კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე, მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო ბიუჯეტის სერტიფიკაციის პროცესის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც შეიქმნა ინტერ-სააგენტოს კონსორციუმების მიერ საქართველოში მიმდინარე PB პროცესის უზრუნველყოფის და გაუმჯობესების მიზნით.
შეხვედრისას გაიმართა ფოკუს ჯგუფის დისკუსია, რომელიც ადგილობრივ დონეზე ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალაქეების მონაწილეობის გაზრდის მექანიზმების პერსპექტივის საკითხებს დაეთმო.
კონფერენციაში მონაწილეობენ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაცია და საკრებულო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ექსპერტები, რომელთაც აქვთ სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების გამოცდილება.